იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაც შეიძლება მალე დადებს დასკვნას მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების გაჟონვასთან დაკავშირებით.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მხოლოდ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ნათელი, საჭიროა თუ არა სამართალდამცველი ორგანოების ჩარევა.
"პროცედურით ასეა, რომ ჯერ საბჭომ უნდა მოიკვლიოს შიგნით და დადოს დასკვნა. მე მივესალმები იმას, რომ მათ, რაკი უკვე ჩვენამდე სცოდნიათ, რომ ამგვარი რაღაც მოხდა, დაუწყიათ კიდეც მოკვლევა. საზოგადოებას ამის შესახებ არ აცნობეს, მაგრამ ამბობენ, რომ დიდი ხანია ამაზე მუშაობენ. მე იმედი მაქვს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დადებენ ამ დასკვნას და გვეტყვიან, რა არის იქ მომხდარი. თუკი დადასტურდა, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშო და ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, მოუწევს, კანონით დადგენილი წესით აგოს პასუხი. ვიდრე საბჭო არ დადებს დასკვნას, ჩვენ არ გვეცოდინება უნდა ვენდოთ თუ არა ამ დასკვნას, რა იქნება ამ დასკვნის მოტივაცია. ასე, რომ მანამდე შეფასებები არის ნაადრევი, თუმცა ბევრი დროც არ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ჰაერში გამოკიდული ასეთი საგანგაშო თემა თავად საბჭოს აყენებს დიდ დარტყმას", - განაცახდა წულუკიანმა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოკვლევის დასკვნა, ალბათ, საჯარო იქნება და მხოლოდ ამის მერე შეძლებენ სამართალდამცველი ორგანოები შეაფასონ, ჩაერიონ თუ არა.