იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული ინიციატივა უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც დღეს არსებობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული ინიციატივა უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც დღეს არსებობს

თუ რაიმე შეთავაზება და ინიციატივა უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც დღეს არსებობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციებს საკანონმდებლო ორგანოსადმი, რომელიც საბჭოს რეფორმირებას ითვალისწინებს.

ლევან მურუსიძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელიც საბჭოს ყველა ინსტანციიდან სამ-სამი მოსამართლით დაკომპლექტებას გულისხმობს. მურისიძის განცხადებით, დაკომპლექტების ამჟამინდელი წესი ძალიან დემოკრატიულია.

"ეს კანონი, რომელიც მოქმედებს და მივიღეთ ორი წლის წინ, ძალიან დემოკრატიულია. ამჟამინდელი სისტემით მოსამართლეს შეუძლია დაასახელოს საბჭოს წევრობის კანდიდატი და ეს კანდიდატი შეიძლება იყოს საკუთარი თავი. ფარული კენჭისყრით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს წევრებს. ყველა მოსამართლეს აქვს უფლება კანდიდატურის დასახელების და არჩევნებში მონაწილეობის. თუ რაიმე შეთავაზება უნდა მოხდეს, უნდა იყოს იმაზე კარგი, რაც ამჟამად არსებობს. პრეზიდენტის რეკომენდაციაა სამ-სამი წევრი იყოს არჩეული ყველა ინსტანციიდან, თუმცა, თუ, ვთქვათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არ აქვს სურვილი კენჭისყრაში მონაწილების მიღების და ეს ნებაყოფლობითია, ან დავუშვათ და კონფერენციამ ვერ აირჩია სააპელაციო ინსტანციიდან სამი წევრი, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?" - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ყველა ინსტანციიდან არიან, კერძოდ: სამ-სამი წევრი არის უზენაესი და სააპელაციო სასმართლოებიდან, ორი კი - პირველი ინსტანციიდან.