დაუნის სინდრომის მქონე ყველა ბავშვს და მის მშობლებს პირადად ვუხდი ბოდიშს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
წულუკიანი დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა და უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში თოფაძემ "დაუნის" სალანძღავ სიტყვად გამოყენების გამო.
"მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ალბათ უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ყველანაირი დასაშვებობის ზღვარს სცდება. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო და მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ, ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ცალსახად მიუღებელია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".