საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისთვის დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადება "აბსოლუტურად გაუგებარია".
შესაბამისი შეფასება თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რითაც უპასუხა შეკითხვას, უნდა დატოვოს თუ არა თოფაძემ სადეპუტატო მანდატი "დაუნის" სალანძღავ სიტყვად მოხსენიების გამო.
"რაც შეეხება მანდატის დატოვებას, სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. დიახ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომელიც მისგან პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას – ეს ის თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებს. ადამიანს ან აქვს განცდა, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი ან – არა. ეს პირადი დამოკიდებულებების და შეხედულების საკითხია, ამიტომ ბოდიშის მოხდას ვერავის მოვთხოვ", - განაცხადა ხიდაშელმა.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".