დიახ, ანაფორიანი ბანდიტებიც არსებობენ

დიახ, ანაფორიანი ბანდიტებიც არსებობენ

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ თუკი მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული, რას ჰქვია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, შესაბამისს კანონპროექტს ის მხარს დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს ბობოხიძემ განუცხადა, რელიგიას შეურაცხყოფენ ის ადამიანები, რომლებიც რელიგიას უნდა ემსახურებოდნენ და პირიქით, რელიგიას საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად იყენებენ.

"არ მაქვს პრობლემა, რომ ამ ცვლილებებს მხარი დავუჭირო, მაგრამ თუ ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ანაფორიანი ბანდიტები თურმე არ უნდა შევაფასოთ, ამას მხარს არ დავუჭერ. რა იყოთ, ეს სიტყვა გაშინებთ? - დიახ, ანაფორიანი ბანდიტებიც არსებობენ. ასეთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", - აღნიშნა ბობოხიძემ.

პარლამენტი სოსო ჯაჭვლიანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.