გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა

პარტნიორთა კრებაზე მისულ გია გაჩეჩილაძესა და არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. "მაესტროს" 55% წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი 15%-დან 4%-ზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, სანამ იგი ტელევიზიის 25%-ს ფლობდა, არ ერეოდა "მაესტროს" საქმიანობაში, რადგან მართვა სხვას ჰქონდა გადაცემული.

თავის მხრივ არხის გენერალურმა დირექტორმა  გია გაჩეჩილაძეს იმ ფულის წარმომავლობაზე განმარტების გაკეთება მოსთხოვა, რითაც მან ტელეკომპანიის წილები შეიძინა. "მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს", - აცხადებს გადაბაძე.

"მაესტროს" დირექტორის განცხადებას გია გაჩეჩილაძემ ”შანტაჟი” უწოდა და მას ტელევიზიაში დარჩენა შესთავაზა.

"ბაია, შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი. როგორც შენ გინდა, თუ გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

"მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. მე არასდროს წარმომედგინა, რომ მე და შენ სხვადსასხვა მხარეს ვიდგებოდით. მე არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გია გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ იგი ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად შეხვდა.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა? "მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები ამას არ ვიტყვი მედიას", - აცხადებს გაჩეჩილაძე.