საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოები არ უნდა გაერთიანდეს.
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს "თავისუფალ დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდეს.
"მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება და შეგვიძლია ვისმჯელოთ. თავისთავად, ქვეყნის ახალი კონსტიტუციური წესრიგი ამ საკითხზე ძალიან ნათელ პასუხებს იძლევა. ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც აღარ არის პრეზიდენტი, შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს კრიზისის დროს, მისი ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ კანონმდებლობაში რამე დასახვეწია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, მაგალითისთვის საომარი მოქმედებების დროს უშიშროების საბჭო იკრიბება და მსჯელობს, ხოლო 13 ივნისის მსგავსი მოვლენების დროს კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო.
"არსებობს საომარი მდგომარეობა, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მუშაობას საფრთხეებზე და ამ საკითხებზე მუშაობს ეროვნული საბჭო, მაგრამ არსებობს კრიზისები, მაგალითად 13 ივნისის მსგავსი, რომელიც იმედია აღარ განმეორდება -ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს საშუალება მართოს ეს კრიზისი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს საბჭო", - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.