აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად ბარაქ ობამა მეჩეთს ესტუმრა. როგორც "ევრონიუსი" წერს, ობამა ქალაქ ბალტიმორის მეჩეთში ჩავიდა და ადგილობრივი მუსლიმური თემის წინაშე სიტყვით გამოვიდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ისლამი ამერიკის ნაწილია ჯერ კიდევ კოლონიალური პერიოდიდან" და ხაზი გაუსვა ამერიკელი მუსლიმების წვლილს ქვეყნის განვითარების საქმეში.
"11 სექტემბრის ტერაქტების, ასევე პარიზსა და სან-ბერნარდინოში თავდასხმების შემდეგ ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანები ამ საზარელ ტერორისტულ აქტებს მთელ რელიგიას უკავშირებენ. ასევე ბოლო დროს გვესმოდა შეუწყნარებელი პოლიტიკური რიტორიკა, რომელიც ამერიკელი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული", - განაცხადა ობამამ და აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, ტოლერანტობა გამოიჩინონ ყველა რელიგიის მიმართ.