კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეკომენდაციებს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
როგორც მენაბდემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ასპექტებს მოიცავდა.
"პრეზიდენტს დავეთანხმები სულისკვეთებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რეფორმაზე და საჭიროც კი არის რომ ამაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება მის ინიციატივებს, პრეზიდენტის მხრიდან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით იყო აქცენტი დასმული. ეს შეეხება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და ამ ნაწილში შემიძლია სრულად გავიმეორო და დავეთანხმო იმ ხედვას, რაც გიორგი მარგველაშვილს აქვს - ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით გამოიღებს დადებით შედეგებს. შემადგენლობაში ინსტანციური წარმომადგენლობა საინტერესოდ ჟღერს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დღეს ჩვენ გვაქვს გარკვეული ლოგიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების. ეს ლოგიკა გარდა მოსამართლე წევრებისა მოიცავს არამოსამართლე წევრებსაც საკუთარ თავში. სწორედ არამოსამართლე წევრების ნაწილში ჩვენ უფრო მეტი სითამამე გვმართებს რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა მენაბდემ.
მისივე თქმით, დღევანდელი წესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დაკომპლექტების ნაწილში არის სათავე იმ პრობლემების, რამაც თავი იჩინა საბჭოს დღევანდელ შემადგენლობაში.
"იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრები ინიშნებიან პოლიტიკური კვოტირების მიხედვით. არამოსამართლე წევრებიდან 4-ს ნიშნავს უმრავლესობა, რაც შეეხება ერთ წევრს, მას ჭირდება 2/3. 4 წევრს ნიშნავს უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური სიმპატიის შესაბამისად და მაღალი ალბათობით, ნიშნავს პოლიტიკურად მის მიმართ ლოიალურად განწყობილებს. ერთ წევრის დანიშვნას კი სჭირდება მოლაპარაკებები უმცირესობასთან ანუ ფაქტობრივად ეს არის უმცირესობის კვოტა, მაგრამ მას ჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ვინაიდან ასეთი მხარდაჭერა არ არსებობს, ეს კვოტა დღეს ვაკანტურია. ეს თავისთავადად გვაძლევს პოლიტიკური ძალთა ბალანსის მიხედვით სასამართლოს დაკომპლექტების შედეგს და პოლიტიკური ინტერესების პირდაპირ ასახვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში", - განაცხადა მენაბდემ.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის განმარტებით, საჭიროა აღნიშნული წესი შეიცვალოს და იმის ნაცვლად, რომ უმრავლესობამ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, მათი არჩევის პრინციპი კონსენსუსს უნდა დაეფუძნოს, რაც, მენაბდის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ უმცირესობის სავალდებულო მხარდაჭერა უნდა იყოს უსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის დროს.
"ანუ მხოლოდ ის პირი გახდება საბჭოს წევრი, ვინც მიიღებს ერთი მხრივ უმრავლესობის მხარდაჭერას, მაგრამ მეორე მხრივ ექნება მხარდაჭერა უმცირესობისგან. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი მივიღოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც არც ერთი მხარისთვის არ იქნება მისაღები და შესაბამისად ის იქნება მხოლოდ საზოგადოებისთვის მისაღები პირი. პოლიტიკური ძალები იძულებულები იქნებიან გაიყვანონ ისეთი წევრი, რომელიც ყველასთვის თანაბრად მიუღებელი იქნება, თუმცა იქნება ნეიტრალური, რომელიც მხოლოდ საკუთარი სინდისის და შეხედულების მიხედვით იხელმძღვანელებს და არა პოლიტიკური შეწონილობით. მთლიანობაში, პრეზიდენტს დავეთანხმები რეკომენდაციებში, თუმცა უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რომ არ იყოს ის სიტუაცია, რაც დღეს არის", - განაცხადა მენაბდემ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმს, მისი თქმით, ეს არის ყველაზე რთული საკითხი, რომელზეც, შესაბამისად რთულია ცალსახა პასუხი გაეცეს, თუ როგორი რეფორმა უნდა განხორციელდეს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი ლოგიკა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკა. შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სასამართლოში შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ პროცედურულ და არა შინაარსობრივ ნაწილში. თუ ჩვენ ლოგიკას შევცვლით სასამართლოს დაკომპლექტების, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში გადავალთ სამართლებრივ მექანიზმებზე და არა პოლიტიკური გადაწყვეტილების მექანიზმებზე, მაშინ შესაძლებელი იქნება ამის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში. მაგალითად, პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს წევრებს, ეს სასამართლოში ვერ გასაჩივრდება, რადგან პოლიტიკური პროცესია. როდესაც პოლიტიკური პროცესის შედეგად ხდება საკადრო საკითხების გადაწყვეტა, ის სასამართლოში არ საჩივრდება. ჩვენ დღეს გვაქვს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება ხდება პოლიტიკური ლოგიკით. თუ ჩვენ ამ ლოგიკას შევცვლით, მაშინ სისტემურად უნდა გადავაწყოთ ყველაფერი და უნდა გადავიდეთ სამართლებრივ ლოგიკაზე - ამ შემთხვევაში შეიძლება დაეფუძნოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას. თუ სამართლებრივ ლოგიკაზე გადავალთ, მაშინ ბევრად მეტი ცვლილების განხორციელება მოგვიწევს, ვიდრე კანონში ერთი ჩანაწერის მითითებაა, რომლის მიხედვითაც, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივით მიმართავს.
ინიციატივები ქვეყნის პირველმა პირმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააჟღერა.
"სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სუბიექტია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა: • დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემის უფლება; გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით", - განაცხადა პრეზიდენტმა.