მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე

მამუკა ღლონტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე "მაესტროს" დირექტორის გადადგომის საფუძველი არ იკვეთება

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლის მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე ტელეკომპანიის დირექტორის გადადგომის საფუძველი არ იკვეთება, - ამის შესახებ "მაესტროს" პარტნიორთა კრების დაწყებამდე მამუკა ღლონტის წარმომადგენელმა ადვოკატმა პაატა კიკვიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფორმაცია აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება როგორც დირექტორის გადაყენების საკითხი, ასევე პარტნიორის გარიცხვის საკითხი. თუმცა რომელ პარტნიორზეა საუბარი ადვოკატს არ დაუკონკრეტებია. არსებული ინფორმაციით კი, საუბარია გია გაჩეჩილაძის გარიცხვაზე.

"არ ვიცი როგორ განვითარდება პარტნიორთა კრების მიმდინარეობა. მამუკა ღლონტის პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე დირექტორის გადაყენების საფუძველი არ იკვეთება. წილების გადანაწილების საკითხი დირექტორის გადაყენებასთან არანაირ კავშირში არ არის. წილების საკითხს პარტნიორები იხილავენ, თუმცა ამას შემხებლობა არ აქვს მენეჯმენტთან", - განაცხადა პაატა კიკვიძემ.

როგორც ცნობილია, მამუკა ღლონტი საქართველოში არ იმყოფება და პარტნიორთა კრებაზე მის პოზიციას ღლონტის ადვოკატი პაატა კიკვიძე დააფიქსირებს.

ამასთან, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.