გოგი თოფაძე - ევროკავშირისკენ გეზი სწორია, მაგრამ არის საკითხები, რაც საკამათოა

გოგი თოფაძე - ევროკავშირისკენ გეზი სწორია, მაგრამ არის საკითხები, რაც საკამათოა

ჩვენ რომ დაუფიქრებლად მივიღეთ უცხოელების ძალიან ბევრი რჩევა, ამიტომ ვართ ამ დღეში, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტის საპასუხო გამოსვლისას გააკეთა.
თოფაძის შეფასებით, საჭიროა ქვეყანამ ანალიზი გაუკეთოს უცხოელი მრჩევლების და უცხოური ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე იმოქმედოს.
მისივე თქმით, ევროკავშირისკენ გეზი სწორია, მაგრამ არის საკითხები, რაც საკამათოა და "ყველა წინადადებას ქვეყანამ ანალიტიკურად უნდა შეხედოს". 
"თქვენ ვრცლად ილაპარაკეთ, რომ ჩვენთან უცხოელების აქტიურობა ნამდვილად მისაღებია, ბევრია სასწავლი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ, ანალიზი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ შემოთავაზებულ პროექტებს და ისე ვიმოქმედოთ. მოვიყვან მაგალითებს, როცა 90-იანი წლების მეორე ნახევარში რა აქტიურად შემოდიოდნენ მრჩევლები – ეს იყო მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მთელი რიგი სხვა დიპლომატები... მე და ჩემს თანაგუნდელებს ჩვენი ხედვა გვაქვს. საქართველოს ყველა თავისი ინტერესების პრიზმით უყურებს, რაც აინტერესებთ. ჩვენ რომ მაშინ დაუფიქრებლად მივიღეთ მათი ძალიან ბევრი რჩევა, იმიტომ ვართ დღეს აი ამ დღეში. ჩვენ ანალიზი უნდა გაგვეკეთებინა, ვინ გვაჩქარებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას, სასწრაფოდ რომ შეგვიყვანეს. იმასაც გეტყვით, ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველი, მოწმედ მოვიყვან ჩემს მეგობარ ზურაბ ტყემალაძეს, გვეუბნება: თქვენ დღევანდელ ტექნოლოგიებს ისე ჩამორჩით, რომ თქვენ წარემოება არ გინდათ, ჩვენ შემოვიტანთ, თქვენ ვერ დაეწევით, ვერ შექმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას და ასე გააგრძელეთ – ტურიზმი, ნავთობსადენი და ასე შემდეგ. აი ასეთი წინადადებები არ უნდა მივიღოთ. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მთავრობა, ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ. ღარიბი მეზობლის სტატუსით არც ერთ ორგანიზაციაში არ უნდა შევიდეთ – ჩვენ ჩვენი უნდა მივიღოთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.