ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებით, სტატია, რომელშიც გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა, წლების წინ ჟურნალ "დრო მშვიდობისაში" გამოქვეყნდა.
როგორც გოგი თოფაძემ "პირველი თV"-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ჟურნალში "დრო მშვიდობისა" გამოქვეყნდა გიორგი მარგველაშვილის სტატია, სახელწოდებით - "ნიჩურტა მე ქართველი ვარ", რომელშიც მარგველაშვილმა ქართველ ხალხს მსუბუქი დებილობის დიაგნოზი დაუსვა და ის ქართველ ერს ჩლუნგებად მოიხსენიებს.
თოფაძის თქმით, ეს არის ძალიან დიდი სტატია, რომელშიც ქართველ ერზე საუბრისას ნათქვამია, რომ "ეს ყველაფერი არის გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით". დეპუტატის განცხადებით, მასში კიდევ უფრო მძიმე შეფასებებია.
"მე მაქვს დოკუმენტები, გავატან თქვენს კოლეგებს. ეს ყველაფერი იმ გაზეთიდანაა ამობეჭდილი. ჩემი აზრი გამოვთქვი პრეიზიდენტის მიმართ და ძალიან შევწუხდი, რომ ასე აფასებს ქართველ ხალხს. უფრო მძიმე შეფასებებია, მაგრამ მე ასე ვთქვი, რომ არ გეკადრებათ ქართველი ხალხის ასეთი შეფასება. ფრაქციის ყველა ხელმძღვანელს გვქონდა დღეს გამოსვლა. ბევრი საქებიც ვთქვი პრეზიდენტზე, მაგრამ გავაკრიტიკე იმიტომ, რომ ქართველ ერს ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. თუ მიგაჩნია, რომ ქართველები არიან დებილების ქვეყანა, მაშინ მისი პრეზიდენტი არც უნდა იყო. არ ეკადრება პრეზიდენტს, რომ თავის ხალხს ასეთი შეფასება მისცეს. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი ეს შენიშვნა გამკეთებინა", - განაცხადა თოფაძემ.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".