"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადება იყო შეურაცხმყოფელი და გაუწონასწორებელი ქმედება.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა ხდებოდეს პარლამენტში ეთიკური ნორმების დაცვა, რაც სამწუხაროდ, დესდღეობით არ ხდება.
"ყველა ხვდება, რომ ეს იყო ძალზედ გაუწონასწორებელი, შეურაცხმყოფელი განცხადება. მე მგონი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. სამწუხაროა, რომ ამგვარი განცხადებები კოლეგების და პრეზიდენტის მიმართ ხშირად არის ხოლმე პარლამენტში და არანაირი ეთინკური ნორმების დაცვა არ ხდება. პარლამენტის ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით რაღაც ღონისძიებები აუცილებლად უნდა გადადგას", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე შეფასებით, გოგი თოფაძემ დღეს "სხვა" ადამიანის პოზიციები გააჟღერა. "პრეზიდენტმა "გაატარა", თუმცა გატარებაშიც მგონია, თავისი პასუხი იყო ნათქვამი. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობისა, მაინც რაღაც სტანდარტების დაცვა უნდა ხდებოდეს. მე ვფიქრობ, რომ გოგი თოფაძემ დღეს გააჟღერა სხვა ადამიანის პოზიციები", - განაცხადა ბეჟაშვილმა გოგი თოფაძის გამოსვლის შეფასებისას.