"აიფიემის" კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ისევ იკლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "აიფიემიდან" აცნობეს, გრძელდება მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნება.
როგორც "აიფიემში" აცხადებენ, ისინი ზომავენ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება.
"ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში, იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე, ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობის მიხედვით", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, ანგარიშის თანახმად, იანვარში, სამი მიმართულების გარდა, ყველა სფეროში ინდექსი განიცდის კლებას.
"ჯანდაცვის სფეროშიც კი, რომელიც ტრადიციულად გამოირჩევა სტაბილურობით, ინდექსის მაჩვენებელმა დაიკლო 2 ერთეულით. მიუხედავად ამისა, ამ საკვლევ მიმართულებას მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. საგარეო ურთიერთობების სფეროში ინდექსმა განიცადა ორპუნქტიანი ზრდა, თუმცა მაინც რჩება უარყოფით ზონაში. ნოემბრის თვესთან შედარებით ინდექსმა მოიმატა ასევე განათლების და პოლიციის დარგებში (+1)", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, წარმატების მოლოდინის ინდექსმა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უარყოფითი კუთხით განიცადა ეკონომიკური საქმიანობის და ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის დარგებში (ინდექსმა დაიწია 2 ერთეულით), ხოლო დადებითი კუთხით საგარეო ურთიერთობების და პოლიციის მიმართულებით (ინდექსის მაჩვენებლის ზრდამ შეადგინა +2). წარმატების მოლოდინის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ჯანდაცვის და განათლების სფეროებს ახასიათებს.
ამასთან, "აიფიემის" კვლევის თანახმად, საგარეო ურთიერთობების და პოლიციის მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგი აიწია ერთი ერთეულით. ასევე ერთსაფეხურიანი ცვლილება, ოღონდ უარყოფითი, აღინიშნება ეკონომიკური საქმიანობის და სოციალურად დაუცველებზე და პენსიონრებზე ზრუნვის დარგებში. ასევე აღსანიშნავია ჯანდაცვის სფეროში რეიტინგის კლება (-1).
როგორც ანგარიშშია მოცემული, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონრებზე ზრუნვის მიმართულებით გრძელდება რეიტინგის სტაბილური მონოტონური კლება. რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება საგარეო ურთიერთობების და პოლიციის დარგებში.
კვლევის თანახმად, ამ თვეში მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის საშუალო ინდექსი რეკორდულად დაბალია და შეადგენს -9.4-ს. ასევე დაიკლო მოლოდინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა (-2.5).
"აიფიემის" კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ივლისის შემდეგ განაგრძობს ვარდნას - ამ თვეში ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 7.8-ს შეადგენს.
როგორც "აიფიემში" აცხადებენ, კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი; წარმატების მოლოდინის ინდექსი და მთავრობის საქმიანობის რეიტინგი.
როგორც "აიფიემში" განმარტავენ, კვლევის მორიგი ტალღა 2016 წლის იანვარში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით - ჯანდაცვის სფერო; განათლება და მეცნიერება; ეკონომიკური საქმიანობა, დასაქმება; სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა; საგარეო ურთიერთობები; ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი; პოლიცია; ადამიანის უფლებები; მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.
მათივე თქმით, წარმატების მოლოდინის ინდექსი გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.
მათივე განმარტებით, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ეს არის ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0-დან 100-მდე.