ჩემი მიზანი იგივე რჩება - შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა, - ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, გია გაჩეჩილაძის მიერ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გია გაჩეჩილაძე ჭორებსა და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს და ის "მაესტროს" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს დაელოდება.
"ნუ ვიკამათებთ ვისი ბრალია, მაგრამ ტელეკომპანია "მაესტრო" გაკოტრებამდე რომ მივიდა, ეს ფაქტია. ჩემი მიზანი იგივე რჩება - შევწყვიტო "მაესტროს" გაკოტრების პროცესი და რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშავო ალტერნატიული განვითარების გეგმა, რომელიც მისცემს "მაესტროს" საშუალებას გახდეს ფინანსურდ დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობა კი აბსოლუტური წინაპირობაა სარედაქციო დამოუკიდებლობისა. ამ გეგმის შემუშავებამდე კი აღარ ვაპირებ გავრცელებულ ჭორებზე და ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარების გაკეთებას. მე დაველოდები "მაესტროს" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას და სასამართლო განხილვის შედეგებს", - ნათქვამია განცხადებაში.