პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძეს შეახსენა, რომ პარლამენტში შარშანდელი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაამთხვია

პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძეს შეახსენა, რომ პარლამენტში შარშანდელი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაამთხვია

შარშან ზუსტად ამ დარბაზში ჩემი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე და ბუნებრივია, მაშინ ხაზგასმით აღვნიშნე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუბაზ სანიკიძის განცხადებას, როდესაც სანიკიძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ხანდახან ზვიად გამსახურდია გაიხსენოს.

"პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ბატონ გუბაზს და ვუთხრა, რომ საბედნიეროდ, ჩვენი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენს თანამემამულს ჰქონდა ტრაგიკული ბიოგრაფია და შეეწირა ქვეყანას, არის ძალიან ბევრი ადამიანისგან შემდგარი. შარშან ზუსტად ამ დარბაზში მე ჩემი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე და ბუნებრივია, მაშინ ხაზგასმით აღვნიშნე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლი. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას და ბატონ ზვიადის ღვაწლის დაფასებას. ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ღვაწლმოსილი თანამემამულე და თანამებრძოლი გვყავდა და ბუნებრივია, რომ ყოველთვის ვერ ვახერხებთ, მათ პატივი მივაგოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა არის არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება.

"დავუბრუნდეთ იმ წერტილებს, რომელთა თაობაზეც ჩვენ არ გავიგეთ მძაფრი დაპირისპირება ამ დარბაზში და ჩავთვლი, რომ ეს საკითხები მეტ-ნაკლებად ორივე - როგორც ოპოზიციურ, ისე უმრავლესობის პოზიციებს აერთიანებს. პირველი არის, ჩემთვის უმნიშვნელოვნესი, რომელზეც აქცენტი თავიდანვე გავაკეთე. მე აღვნიშნე, რომ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა არის ჩვენი არა კონკრეტული პოლიტიკური, მემერჯვენე-მემარცხენე, ამა თუ იმ პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალის ვალდებულება, არამედ კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ჩვენ ვაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს. ეს არის განსაკუთრებით აქტუალური ჩემთვის დღეს. განსაკუთრებით აქტუალური დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს ასევე ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან სავარაუდოდ, იქნება, კაპიტალის გადინება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ხანდახან ზვიად გამსახურდია გაიხსენოს. ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტმა ანგარიშში ორი ისტორიული ფიგურა - ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია გაიხსენა, თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი არ უხსენებია. სანიკიძის თქმით, მოკლე მეხსიერება ქართულ სახელმწიფოებრიობას არაფერში წაადგება.