ვფიქრობ, კონსტიტუციის გარანტს მეტი დიპლომატიურობა და თანხმობისთვის ზრუნვა მართებს

ვფიქრობ, კონსტიტუციის გარანტს მეტი დიპლომატიურობა და თანხმობისთვის ზრუნვა მართებს

ვფიქრობ, კონსტიტუციის გარანტს – პრეზიდენტს, მეტი დიპლომატიურობა და თანხმობისთვის ზრუნვა მართებს, - ამის თაობაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პარლამენტში პრეზიდენტის საპასუხო გამოსვლისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია და არა პოლიტიკური მხარდამჭერების. "ერთ-ერთ მედია-საშუალების თოქ-შოუში პრეზიდენტმა კრიტიკას უპასუხა: "ჩაიხედონ ჩემს ნაჩუქარ კონსტიტუციაში და ნახავენ, რომ პრეზიდენტიც ისეთივე მოქალაქეა, როგორც დანარჩენები და მასაც აქვს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლება". გეთანხმებით, თუმცა გააჩნია ასეთი დაფიქსირების ფორმას და ობიექტურობის დაცვის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას, პრეზიდენტის, როგორც მედიატორის ფუნქციის საგანგებო მნიშვნელობის გათვიცნობიერებას. პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია და არა პოლიტიკური მხარდამჭერების - ეს არა მხოლოდ პრინციპია, რომელსაც ვაღიარებთ, არამედ მოთხოვნაცაა, დავცილდეთ ჩვენი ქვეყნის უარყოფითად გასახსენებელ პერიოდებს უახლოესი ისტორიიდან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამ კონტექსტში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმრავლესობამ, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მოილაპარაკა ამ თემაზე პრეზიდენტთან მისვლის და საკუთარი არგუმენტების შესახებ საუბრის თაობაზე, მაგრამ პრეზიდენტმა მოვლენებს დაასწრო, როცა განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხზე არნახული, უპრეცედენტო კონსენსუსი არსებობს.

"რა გამოდის, უმრავლესობა საზოგადოებას უპირისპირდება?! ჩავთვალოთ, რომ უმრავლესობაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალების აზრი არაფერს ნიშნავს?! ასეც რომ მიაჩნდეს კონსტიტუციის გარანტს – პრეზიდენტს, ვფიქრობ, მას მეტი დიპლომატიურობა და თანხმობისთვის ზრუნვა მართებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ დღეს პრეზიდენტის ის კრიტიკაც უარყოფითად შეაფასა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა.