ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი დეპუტატ გოგი თოფაძეს მიმართავს, ან დაასაბუთოს იმ გამონათქვამის თაობაზე, რაშიც მან პრეზიდენტი დაადანაშაულა, ან ბოდიში მოიხადოს. ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება სულ მცირე არაკორექტული იყო.
"დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, ამ ტრიბუნიდან ჩემი კოლეგის გოგი თიფაძის განცხადება სულ მცირე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ვფიქრობ, რომ ის ვალდებულია, კონკრეტული თარიღი და კონკრეტული ფრაზეოლოგია მოიყვანოს იმ გამონათქვამების დასადასტურებლად – ალბათ მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი... წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისადმი და ვფიქრობ, საზოგადოებისადმი. ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს კვლევა-ძიება, იყო თუ არა ასეთი გამონათქვამები გამოყენებული, ასეთი შეფასებები მაინც კორექტულობის ზღვარს სცილდება, არასწორია და დღევანდელ დღეს არ შეეფერება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მან აქვე აღნიშნა, რომ კრიტიკას აქვს თავისი ფორმა და გამოხატვის წესები, რასაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს.