დავით ბერძენიშვილი:  გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ძალიან მაღალი ნდობა აქვს

დავით ბერძენიშვილი: გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ძალიან მაღალი ნდობა აქვს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ძალიან მაღალი ნდობა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებში. "მე განსაკუთრებით მივაქცევდი ყურადღებას იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა მის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პოლიტიკურ პარტიებს, როგორც პოლიტიკის წამყვან სუბიექტებს. ჩვენი ქვეყანა ჰგავს საპარლამენტო რესპუბლიკას მისი მოწყობით, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკებში პოლიტიკის კეთებაში სწორედ პარტიების როლი არის განმსაზღვრელი. საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტები არ ქმნიან პოლიტიკას, ჩვენი ქვეყანა უფრო საპარლამენტოა, ვიდრე სხვანაირი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება რატომღაც 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს არ ახსენებს.

"ჩემმა წინა გამომსვლელმა ახსენა, რომ თურმე 2004 წლამდე ცუდი ამბები ხდებოდა საქართველოში. კი ბატონო, ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა. ძალიან ბევრნი არ ვართ, მაგრამ ასე თუ ისე შემოვრჩით პოლიტიკოსები, რომლებიც მაშინ ვიბრძოდით. არ მინდა ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, შეიძლება რამე შემეშალოს, მაგრამ არ მგონია, ბატონი ღვინიაშვილი შევარდნაძის დროს სადმე, წინააღმდეგობის ფრონტზე ყოფილიყო. მაგრამ მახსენდება საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თემებზე საჯაროდ ესაუბრებოდა ქართველ ხალხს, ის არ ყოფილა უშუალოდ პოლიტიკაში, არ ჰქონია პარტიული პოლიტიკური თანამდებობა, მაგრამ ხალხს ესაუბრებოდა", - განმარტა დავით ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მოქმედი კონსტიტუციით გიორგი მარგველაშვილის ფუნქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან მის მიმართ და პრეზიდენტ მარგველაშვილს ძალიან მაღალი ნდობა აქვს.

"რესპუბლიკური პარტია სხვა პარტიების მსგავსად არ ყოფილა ინიციატორი პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების, თუმცა ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და პარტიამ ამაზე თანხმობა განაცხადა. "რესპუბლიკური პარტია" ნორმალურად მოკრძალებული აქტიურობით იყო ჩართული მარგველაშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში და ნამდვილად არ ვიყავით ნომერ პირველი მეხოტბენი ამ კამპანიის დროს. სადღეგრძელოებს არ ვამბობდით მისას და როდესაც ლამის ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, "რესპუბლიკური პარტია" ამ კამპანიაში არ ჩავერთეთ, არა იმიტომ, რომ მარგველაშვილთან რაიმე ფარული გარიგება ან სიახლოვე გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი - პრეზიდენტი ინსტიტუტია, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ პრეზიდენტთან ერთად ამა თუ იმ საკითხზე მუშაობა პარლამენტისა და მთავრობის ვალდებულებაა.