ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტს მოუწოდა, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ხანდახან ზვიად გამსახურდია გაიხსენოს. ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ ხაზი გაუვსა, რომ პრეზიდენტმა ანგარიშში ორი ისტორიული ფიგურა - ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია გაიხსენა, თუმცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი არ უხსენებია.
სანიკიძის თქმით, მოკლე მეხსიერება ქართულ სახელმწიფოებრიობას არაფერში წაადგება.
"ნუ ჩათვლით, რომ ეს შენიშვნაა, უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა პირადად. თქვენ როცა გამოდიოდით, ახსენეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება. აბსოლუტურად გეთანხმებით შეფასებებში, ძალიან დიდი სხვაობაა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის. თქვენ ახსენეთ ორი ფიგურა, ორი ისტორიული პიროვნება – ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია. არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ გამოგრჩათ ეს შეგნებულად, თუმცა მე არ ვიცი, რას შეიძლება დავაბრალო, რომ ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები ამ დარბაზში. მოგვწონს ვინმეს, არ მოგვწონს ვინმეს, ვიყავით მისი მომხრეები, მოწინააღმდეგეები, ჰქონდა თუ არა მას შეცდომები, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი, მედროშე არის ზვიად გამსახურდია. მოკლე მეხსიერებამ ჩვენ ბევრჯერ წაგვაგებინა და ვთვლი, რომ მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე და იმასაც ვთვლი, რომ ზვიად გამსახურდია არ არის ის პერსონა, რომელიც ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავივიწყოთ. ზვიად გამსახურდიას პერსონა და მისი ხსოვნა არაფერში უშლის ხელს ქართულ სახელმწიფოს. აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის, არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური იდეალები. არ მიიღოთ შენიშვნა, თუმცა შეხსენებადაც ჩავთვალოთ, ხანდასხან გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, ამ სახელმწიფოს შემქმნელი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი, იმიტომ რომ გაივლის ასწლეულები, ათასწლეულები და 100 წლის შემდეგ ქართველ ბავშვს რომ ჰკითხონ, ვინ მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია", - განაცახდა სანიკიძემ.
თავის გამოსვლაში დეპუტატმა ასევე ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო ფორსირებულად იცვლება და ქართული სახელმწიფოც უნდა იყოს ადეკვატური, დაიწყოს რაღაცების გადაფასება და მოდერნიზება. მისი თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო პირობები იმისთვის, რომ პოზიტიური გამტარის როლი ითამაშოს რეგიონში.
"მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ თუ სახელმწიფოს ფუნქცია არ აქვს, იქ ეკონომიკა ვერ განვითარდება. საქართველოს სჭირდება ფუნქცია, სტრატეგიული, სამშვიდობო, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი თავი ჩვენს ძველ მეგობრებს და ახალ მეგობრებს. როცა საუბარია უსაფრთხოებაზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოების საუკეთესო წინაპირობა არის მეგობრების სიმრავლე და მტრების სიმცირე. საქრათველოს მტრები არ სჭირდება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მტრების რიცვის შემცირებასა და მეგობრების მომრავლებაზე", - განმარტა დეპუტატმა.
ამასთან, სანიკიძე მიესალმა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე პრეზიდენტი ჩავიდა პანკისში.
"ვთვლი, რომ თქვენ პირადად გაქვთ ძალიან სერიოზული რესურსი და ვთვლით, რომ ეს რესურსი უნდა გამოიყენოთ რელიგიათა შორის ურთიერთობებში. საკმაოდ სტაბილურად არის ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით საქმე, ჯერჯერობით, ღვთის მადლით, არაფერი გვემუქრება, მაგრამ ყურადღება გვაქვს მისაქცევი. ხანდახან პრევენციული ღონისძიებები უფრო ეფექტურია, ვიდრე რეაგირება. ეს არ არის მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების საქმე", - აღნიშნა სანიკიძემ.