ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, მინდა გკითხოთ, რა ნიშნით არის ის ადამიანებზე ორიენტირებული

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, მინდა გკითხოთ, რა ნიშნით არის ის ადამიანებზე ორიენტირებული

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კაბინეტის დატოვება და ხალხში გასვლა ურჩია. როგორც გიორგი ღვინიაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიში იმ რეალობას აცდენილია, რაც ქვეყანაშია.

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში უამრავი მიმზიდველი დაპირებით მოვიდა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ როგორც პარლამენტის არჩევნების წინ, ასევე თქვენი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თქვენს გუნდთან ერთად იმ მსგავს დაპირებებს გასცემდით, რამაც ქართველ ხალხს იმედი გაუჩინა, რომ ის უკეთესად იცხოვრებდა. რა მდგომარეობაა დღეს?! დღეს ჩვენ მივიღეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის იმედგაცრუებული, მოტყუებული და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი. დღითიდღე უკან მიდის ეკონომიკა, უფასურდება ლარი, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეს არტყამს და მათ მდგომარეობას ამძიმებს. როდესაც ჩვენი მთავრობა საკუთარ წარმატებებზე საუბრობს და იმ დაპირებების შესრულებაზე, რჩება აშკარად ის შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოსახლეობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, მთავრობა კი სხვა ქვეყანაზე საუბრობს", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ბიუჯეტის დაგეგმვას შეეხო და აღნიშნა, რომ მასში ბიუროკრატიული და ჩინოვნიკებისთვის დასახარჯი ფულის რაოდენობა იზრდება.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. მინდა გკითხოთ, რა ნიშნით არის ის ადამიანებზე ორიენტირებული. იმით, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს დაავიწყდა დღეის მდგომარეობით, პენსიონერების პენსია რა რაოდენობით უნდა ყოფილიყო და ივლისში მხოლოდ 20 ლარით ზრდის, როდესაც შესაძლებელი იყო მიმდინარე წლის პირველი რიცხვებიდან პენსიის გაზრდა 50 ლარით. ამის ნაცვლად თქვენგან ნახსენებ ადამიანებზე ორიენტირებულ ბიუჯეტში აშკარად ჩანს, რომ იზრდება ბიუროკრატიული და ჩინოვნიკებისთვის დასახარჯი ფულის რაოდენობა იზრდება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

დეპუტატმა ურჩია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხშირად დატოვოს კაბინეტი და მოსახელობას შეხვდეს, რათა გაიგოს, თუ რა სტკივა მათ. "მე გირჩევდით თქვენ, რომ ხშირად დატოვოთ კაბინეტი, გახვიდეთ ხალხში ეს იქნება ქალაქები თუ სოფლები, შეხვდეთ ჩვენს მოსახლეობას და მათგან გაიგოთ, რა სტკივათ. მე ძალიან გთხოვდით, ტელევიზიით არ ადევნოთ თვალი, თუ როგორ კეკლუცობს ხელისუფლება, თუ როგორ შეასრულა ხალხისთვის მიცემული დაპირებები და თუ როგორ აშენებს ქვეყანას", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ღვინიაშვილმა რთველი ახსენა და აღნიშნა, რომ "ეს იყო კახელი გლეხის დაცინვა".

გარდა ამისა, ღვინიაშვილმა შერჩევით სამართალზე, კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებაზეც, არაფორმალურ მმართველობაზე, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება. "მე ვისურვებდი, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ ყოფილიყავით ამოღებული ხმალი იმ მანკიერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც დღეს საქართველოში ხდება", - განაცხადა ღვინიაშვილმა.