პოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას დღეს ისმენდნენ პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები

პოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას დღეს ისმენდნენ პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტმა მეოთხე, დამამთავრებელი წელი ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო.

ამის შესახებ ბერძენიშვილმა პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის მეოთხე წელი დაიწყო ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი პარლამენტის რეგლამენტით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოდის პარლამენტის წინაშე. მეოთხე წელს, როგორც წესი ვაქციეთ წესად და ეს კარგია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ერთგვარი პრობლემების მიუხედავად, პრეზიდენტის გამოსვლას უსმენდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები - ესეც წესრიგისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მივესალმები იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ასევე ისმენდნენ აქ, პარლამენტის მთავარ დარბაზში პრეზიდენტის გამოსვლას. ჩვენი მოწვევის პარლამენტმა მეოთხე, დამამთავრებელი წელი პოლიტიკური წესრიგის დადგენით დაიწყო. იმასაც მივესალმები, რომ ჩემს გამოსვლამდე უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს ჰქონდათ კორექტული გამოსვლები – ესეც პოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯია. ევროპული პოლიტიკური არჩევანი ნიშნავს ევროპულ პოლიტიკურ წესებს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.