ეროვნული ბანკის თემა ის საკითხია, რასაც მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტისგან განსხვავებულად

ეროვნული ბანკის თემა ის საკითხია, რასაც მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტისგან განსხვავებულად "შიფრავს"

ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარის გოგი თოფაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის თემა ის საკითხია, რასაც მმართველი უმრავლესობა პრეზიდენტისგან განსხვავებულად "შიფრავს".

თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, რომ "ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი".

"თქვენ ეროვნული ბანკის საკითხს შეეხეთ, სადაც ჩვენ შეიძლება ცოტა სხვანაირად გავშიფროთ ეს საკითხი. ეროვნული ბანკის მუშაობა, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოებისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო. ჩვენ პარლამენტში მივიღეთ კანონი, რომელიც ეროვნულ ბანკში გარკვეულ კონტროლს მოახერხებდა. ჩვენი კანონი თქვენს მიერ მიღებული არ იყო – თქვენ მას ვეტო დაადეთ. მერე ეს კანონი ჩვენ ისევ მივიღეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი წინადადება არ მიიღო და ჩვენ როგორც კანონმორჩილი ხალხი შევეგუეთ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მუშაობით საქართველოში ძალიან ცოტაა კმაყოფილი", - მიმართა პრეზიდენტს გოგი თოფაძემ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის როლი.

"მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობაში, რომელიც მე ვერ გავიზიარე. მალე, ჩვენი განწყობა გაამყარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებების მოქმედების შეჩერებამ. ვფიქრობ, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ეროვნული ბანკის შესახებ კანონმდებლობის გადახედვა წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.