შეგვიძლია, ჩვენი ადამიანური და პროფესიული რესურსები შემოგთავაზოთ, თუკი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიმართულებით რეფორმის განხორციელების პოლიტიკური ნება რეალური იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ანგარიშში "ყოვლისმომცველი და ძალიან აქტუალური თემების" წამოწევისთვის.
"მე ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში თქვენი ბოლო გამოსვლის შემდეგ, რომელიც შარშან მარტში გაიმართა, ბევრი არაფერი შეცვლილა ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში სასიკეთოდ და ამ თემებზე მოგვიწევს ჩვენ საუბარი. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი პოზიტივი, რომ საქართველოს ჰიმნზე, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში, ბოლოსდაბოლოს ერთად იდგნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დეპუტატები და ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ამ პოზიტივის ბევრი ნეგატივებიც ახლავს თან, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე. არ შემიძლია არ დავიწყო სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემით, თქვენ შემოთავაზებებიც გააკეთეთ, რომელსაც ყურადღებით განვიხილავთ და უფრო მეტიც, ჩვენ ჩვენი ადამიანური, პროფესიული რესურსები შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენც და რა თქმა უნდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ შემთხვევაში, თუკი რეალური იქნება პოლიტიკური ნება იმ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რასაც რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ჰქვია და არა ის, რომელიც ჩვენ დღესდღეობით შემოგვთავაზეს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დამარცხების უმთავრესი მიზეზი უსამართლობა იყო და ახლა მათი დაწინაურება მიმდინარეობს, ვისი ხელითაც ეს უსამართლობა ხდებოდა.
"ჩვენ არ გვიბრძოლია ერთად მურუსიძის სასამარლოსთვის, ისეთი იუსტიციის საბჭოსთვის, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი, მათ შორის სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლეც კი უზრუნველყოფილია მომავალი სამსახურით. იგივე სიტუაცია გვაქვს პროკურატურაშიც და ეს ყველაფერი "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკუთარ თავზე გამოვცადეთ. თავიდანვე ვამბობდით, რომ შოთაძე გახდებოდა მთავარი პროკური, ავადსახსენებელი კაბელების საქმის შემდეგ. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც აგვიხდა ჩვენ. ჩვენ ამისათვის არ გვიბრძოლია", - განაცხადა დოლიძემ.
დეპუტატმა ასევე მმართველ კოალიციას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების დაპირება გაახსენა.
"ბევრი საუბრობს რეფორმებთან დაკავშირებით, რომ ადრე ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა და ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთო. მე არ ვფიქრობ, რომ სწორია სწორება ავიღოთ იმაზე, რა რეჟიმის პირობებში იმყოფებოდა ქვეყანა 2012 წლამდე და ახლა რაღაცებს ხომ ვცვლითო. ეს რაღაცეები ხომ კარგად ვხედავთ, რომ საკმარისი არ არის? პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელია სწრაფად და ეფექტურად გავატაროთ რეფორმები. რატომ უნდა გადავდოთ დემოკრატიული სისტემით არჩევნები 2020 წლამდე, როცა შეიძლება 2016 წელსვე გვქონდეს ეს. რატომ გვინდა, რომ იგივე ვაკეთოთ, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, ჩვენ ხომ ბევრად უკეთესი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული შედეგი შეგვეძლო მიგვეღო დღეს? ძალიან სამწუხაროდ მე ამის იმედი დღეს უკვე აღარ მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას არ გავაგრძელებთ", - განაცხადა დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძე ასევე შეეხო ეროვნული ბანკის თემას და აღნიშნა, რომ გიორგი ქადაგიძე შეიძლება ვინმეს მოსწონდეს ან არა, მაგრამ ინსტიტუტებს თუ პატივი არ ვეცით, რეალური დემოკრატიის მშენებლობას ვერ მივაღწევთ. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ასევე, ისაუბრა ლარის დევალვაციაზე და აღნიშნა, რომ არაკვალიფიციურობა და არაკომპეტენტურობა იყო და არის ამის მიზეზი.
"ჩვენ არ შეიძლებოდა, ამგვარ ვითარებაში, რეგიონში არსებული თუნდაც ობიექტური თუ სუბიქტური მიზეზების გამო არ ვყოფილიყავით მომზადებული და ის პირობები მაინც არ შეგვექმნა, რომ ასე არ დაწოლოდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ის ძვირი ფასები", - განაცხადა დოლიძემ.