პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატები" გამოვდივართ ინიციატივით. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებით, თუ როგორ მუშაობს ეროვნული უშიშროების საბჭო. ის რა თქმა უნდა უნდა იყოს პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ, ვინაიდან ის ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალია, შეიქმნა ახალი პარალელური სტრუქტირა ე.წ. კრიზისების მართვის საბჭო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა იყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი. ამ აზრზე ვართ არა მხოლოდ ჩვენ – ამ საკითხზე მიღებული გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ დონეზე, არაერთი რჩევა გვაქვს მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ და დასძინა, რომ "თანხმობის შემთხვევაში, "თავისუფალი დემოკრატები" მზად არიან, იმუშაონ და ამ საქმეში თავიანთი საქმიანი წვლილი შეიტანონ".
ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭო უნდა იყოს უფრო ეფექტური, მობილური და იმ საფრთხეებზე მეტი რეაგირება უნდა გააკეთოს, რომელიც ქვეყნის ინაშე არსებობს.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი პარლამენტის ტრიბუნიდან მეორე ინიციატივითაც გამოვიდა. ვიქტორ დოლიძე კოლეგებს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებას სთავაზობს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს "თამაშის ერთნაირი წესებს დაუდგენს".
"სურვილის შემთხვევაში მზად ვართ "თავისუფალმა დემოკრატებმა" წარმოვადგინოთ ეს დოკუმენტი და შევთანხმდეთ ერთიანი თამაშის წესებზე, რათა ის, რაც თუნდაც გარდაბნის არჩევნებზე მოხდა, ერთხელ და სამუდამოდ აღარ განმეორდეს საქართველოში. სირცხვილია, 21-ე საუკუნეა, მივდივართ ევროპისკენ, ნატო-სკენ და ჩვენ ჯერ კიდევ ჯოხებით დავდევთ ერთმანთს, ეს არის პრობლემა დღემდე და ეს პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.