პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის მოხსენების საპასუხოდ, საპარლამენტო ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლებით განახლდა.
პირველი ტრიბუნა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ დაიკავა, რომელიც პარლამენტს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციას აცნობს.
ამასთან, განახლებულ პლენარულ სხდომას აღარ ეწრებიან სტუმრები, რომლებიც დღეს ქუთაისში პრეზიდენტის მოსასმენად ჩავიდნენ. მათ პარლამენტი უკვე დატოვეს.
ცნობისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებოდნენ: - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.
პრეზიდენტის მოსასმენად ასევე პარლამენტში მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია.
გიორგი მარგევლაშვილს პარლამენტში მოუსმინეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი ნაწილი დარბაზში ამ დრომდე რჩება.