პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ყველაფრისმომცველი იყო, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყნის პირველი პირის ერთსაათიანი ანგარიში პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაითავისოს, რომ დასაკარგი დრო არ არის.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, შეფასებები იყო ყველაფრისმომცველი. რა თქმა უნდა, ძირითადი ხაზი გახლდათ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული სახელმწიფოს იდეა, რომლის რეალიზებაც მიმდინარეობს, მაგრამ ამას ტემპი და სისწრაფე სჭირდება. არის ბევრი გამოუყენებელი შესაძლებლობა ჩვენს რეალობაში, რომელიც ყველა სახელისუფლო შტომ უნდა გაითვალისწინოს. მთლიანად საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, არ გავქვს დასაკარგი შესაძლებლობები. ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა როგორც პერსპექტიული ქვეყანა, ნორმალურ სახელმწიფოდ შედგეს, ჩამოყალიბდეს და არ იყოს ე.წ. პროდასავლური ქვეყნის ამ მდგომარეობაში," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.