რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია  კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან

რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო - რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ ნათელ გზავნილს საჭიროებს.

„გზავნილს, რომ: როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია.

რომ, ვერც ერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით.“-განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„მნიშვნელოვანია ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია  კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.“-აცხადებს მარგველაშვილი.