რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტის დაწყების რისკები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს იყო.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინას, ასევე ევროპულ ქვეყნებსაც. მისივე განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 8 000 რუსი სამხედრო იმყოფება, ხოლო საზღვარზე ახალი რუსული სამხედრო ბაზაა შექმნილი.
"რუსეთი ბევრ ინვესტიციას დებს ომისთვის მზადებაში, ჩვენ ამ კუთხით ვერანაირ განმარტებას ვერ ვიღებთ", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო. კიევი რუსეთს სამხედრო აგრესიაში სდებს ბრალს, რის გამოც გასული წლის სექტემბერში დამტკიცებულ უკრაინის ახალ სამხედრო დოქტრინაში, რუსეთი ნახსენებია, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა.
მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობას ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.