ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოში გამოგონილი სახელით შემოვიდა

ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოში გამოგონილი სახელით შემოვიდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი საქართველოში გამოგონილი სახელით შემოვიდა.

როგორც ხარძიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოლეგ დამეტოვის სახელით შემოსული პირი, რეალურად არის ფარიდ გურბანოვი, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა.

ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე პროცესი, რომელიც 13.00 საათზე იყო ჩანიშნული, გარკვეული ხნით გადაიდო, ამის მოტივი გახდა საქმის მოსამართლის ლელა ნოზაძის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ გასვლა. თუ როდის ჩატარდება სასამართლო სხდომა, ამის შესახებ მხარეებს დამატებით ეცნობება.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას აღნიშნულ მოსამართლესთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, მოსამართლე ლელა ნოზაძის აცილების თაობაზე.

პროკურორის თბმით, აღნიშნულმა მოსამართლემ 2011 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულ ბესო ხარძიანს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი განმარტებით, ეს გარემოება იძლევა შუამდგომლობის დაყენების საფუძველს, რომ მოსამართლე იქნას აცილებული.

სასამართლოში იმყოფებოდა ბესო ხარძიანის შვილი ქეთი ხარძიანი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

სასამართლოში პროცესის გადადებამდე იმყოფებოდა სახაზინო ადვოკატი, რომელიც ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ოლეგ დოევის და ფარიდ გურბანოვის ინტერესებს იცავს. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ პირებთან კონტაქტი არასდროს ჰქონია და სავალდებულო დაცვიდან გამომდინარე, იცავს მათ ინტერესებს.