ნატო-ს გენერალური მდივანი ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმებს მიესალმება. ამის შესახებ ნატო-ს პრესსამსახური იტყობინება.
გეგმების დამტკიცების შემთხვევაში 2017 წლისთვის ევროპაში აშშ-ის ძალების დაფინანსება გაოთხმაგდება და 3,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ უფრო მეტ ძალებს, უფრო მეტ წვრთნასა და ტრენინგებს დააფინანსებს.
"ეს არის იმის ნიშანი, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის აშშ ვალდებულებებს მტკიცედ ასრულებს. ეს იქნება დროული და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისთვის", - წერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაში.
გუშინ გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას გეგმების შესახებ, რომლის მიხედითაც ვაშინგტონი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. გამოცემის თანახმად, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი რეგიონში რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ იქნება მიმართული.