,,გირჩი

,,გირჩი" პრეზიდენტ მარგველაშვილს შეკითხვებით მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება ,,გირჩი" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეკითხვებით მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, აღნიშნული შეკითხვების დასმას "გირჩი" ქვეყნის პირველი პირისთვის პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ გეგმავდა, თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტის ანგარიშის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება და სიტყვით გამოსვლის უფლება მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ, ისინი იძულებულნი არიან გიორგი მარგველაშვილს კითხვები საჯაროდ დაუსვან.

,,ჩვენ გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ პრეზიდენტს. მას ექნება შანსი, რომ მისი გამოსვლა გახადოს საინტერესო და არ შემოიფარგლოს ზოგადი განცხადებებით. ჩვენი შეკითხვები ძირითადად ეხება გადასახადების შემცირებას, მათ შორის ის იყო ,,ქართული ოცნების" მთავრობის წევრი და ვიცით, რომ ,,ოცნებამ" უარი თქვა გადასახადების შემცირებაზე, ხარჯების შემცირებაზე, რის გამოც საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შევიდა. ეს აისახა ლარზეც. ჩვენ გვაინტერესებს, აღიარებს თუ არა ის ამ შეცდომას.

ასევე, როდესაც მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, მან ავტორიზაცია შეუჩერა ყველაზე წარმატებულ - აგრარულ უნივერსიტეტს. ჩვენი კითხვაა - აღიარებს თუ არა, რომ ეს იყო უხეში შეცდომა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს საკითხი, რომელიც ქუთაისში ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდება. როცა მარგველაშვილი იყო განათლების მინიტრი, გასცეს დაპირება, რომ ქუთაისი გადაიქცეოდა საუნივერსიტეტო ქალაქად და აქ აშენდებოდა ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა მსგავსი არაფერი გაკეთებულა. მისგან გვაინტერესებს, იყო თუ არა ეს ტყუილი დაპირება," - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დღეს, 14:00 საათზე, დეპუტატებს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს.