ბორტზე მომხდარი აფეთქების გამო, სამგზავრო თვითმფრინავი სომალის დედაქალაქში საგანგებოდ დაეშვა

ბორტზე მომხდარი აფეთქების გამო, სამგზავრო თვითმფრინავი სომალის დედაქალაქში საგანგებოდ დაეშვა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს აეროპორტში კომპანია Daallo Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ბორტზე მომხდარი აფეთქების გამო, საგანგებოდ დაეშვა. ამის შესახებ "გარდიანი" იტყობინება.

მფრინავის აზრით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა გაქტიურდა. "საბედნიეროდ ფრენის საკონტროლო სისტემა არ დაზიანებულა. ამიტომაც მე თვითმფრინავის დაშვება მოვახერხე. მსგავსი რამ ჩემი კარიერის მანძილზე არ გამომიცდია. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა", - აღნიშნა 64 წლის მფრინავმა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. თვითმფრინავი სომალიდან ჯიბუტიში მიემგზავრებოდა.

საგანგებოდ დაფრენის შემდეგ ბორტზე მყოფი 74 მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თუმცა, როგორც სომალის ავიაციის სამსახურის წარმომადგენელი, ალი მოჰამუდი იტყობინება, ჯერ უცნობია, ყველა მგზავრი არის თუ არა ევაკუირებული. ვინაიდან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად წარმოქნილი ხვრელიდან ერთი მგზავრი გადავარდა.

პოლიციის ოფიცერი იტყობინება, რომ აეროპორტთან ახლოს მდებარე სოფელში ადგილობრივებმა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც შესაძლოა, სწორედ თვითმფრინავიდან გადავარდა.

ამ დროისთვის ავიაციის ექსპერტები სწავლობენ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.