სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისო სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მეხუთე სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე ბულგარეთის მხრიდან ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი თანათავმჯდომარეობენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, დღეს შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხებს შორის იქნება ინვესტიციებისა და ტურიზმის წახალისება, ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
"დღევანდელ სხდომაზე განიხილება თანამშრომლობის საკითხები სტატისტიკის სფეროში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სფეროში და ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. მინდა მოგახსენოთ, რომ ბულგარეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა 2015 წლის მანძილზე გაიზარდა, ჯამურად ბრუნვა 380 მილიონი დოლარია და არის ზრდის ტენდენცია. ის არის ექსპეორტის მიხედვით მეორე ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე ის სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას და ასევე ბულგარეთს, რომ იყოს რეალიზებული. კომისიის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიას და ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას შორის შეთანხმებას მოეწერება ხელი, რომელიც კორიდორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, როგორც გამჭვირვალობის, ასევე ტარიფების მხრივ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომის ოქმს. ასევე ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბულგარეთის სტატისტიკის ეროვნულ ინსტიტუტს შორის, სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმს ბულგარეთისა და საქართველოს რკინიგზების შვილობილ კომპანიებს შორის სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვების განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესახებ.