უკრაინამ და ლიტვამ პროექტების -

უკრაინამ და ლიტვამ პროექტების - "აბრეშუმის გზისა" და "ვიკინგის" გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინამ და ლიტვამ პროექტების - "აბრეშუმის გზისა" და "ვიკინგის" გაერთიანების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის და თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების ფარგლებში "აბრეშუმის გზის" პროექტში ჩართული იქნება არა მხოლოდ უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ჩინეთი, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტ "აბრეშუმის გზის" ფარგლებში სატვირთო მატარებელი უკრაინიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით იმოძრავებს. იგი გვერდს აუვლის რუსეთს და გაივლის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყახაზეთის ტერიტორიებს. აღნიშნული მარშრუტით მატარებელმა სატესტო რეისი უკვე შეასრულა.

რაც შეეხება პროექტ "ვიკინგს", იგი 2003 წელს ლიტვის, ბელორუსისა და უკრაინის თანამშრომლობით შეიქმნა და იგი ლიტვის ქალაქ კლაიპედადან უკრაინის ქალაქ ოდესამდე სატვირთო სარკინიგზო მიმოსვლას გულისხმობს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლიტვასთან გაფორმებული მემორანდუმი ნიშნავს იმას, რომ მატარებელ "ვიკინგს" ქალაქ კლაიპედადან შესაძლებლობა ეძლევა ტვირთი რუსეთის გვერდის ავლით ჩინეთშიც ჩაიტანოს.