ჰააგის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა

ჰააგის სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოში ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს უსაფუძვლო კვალიფიკაცია მისცა, - ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა "რასისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მას რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი უწოდა, რომელშიც რუსეთი მართავდა სამხრეთ ოსეთის მთავრობის ქმედებებს. ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასეთი მიმართულება მისცა გამოძიებას", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, რუსი გამომძიებლების მიერ გამოძიების ჩატარების დროს არც ერთი ისეთი მონაცემი არ გამოიკვეთა, რომელიც მსგავს სამართლებრივ შეფასებას მისცემდა აღნიშნულ საქმეს. ბასტრიკინის განცხადებით, ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოპერაციის მიზანს იქ მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვა წარმოადგენდა.

"ასე მოქცევას ჩვენ რუსეთის კონსტიტუციაც გვავალდებულებდა. თუ ჩვენ აღნიშნულ მოვლენებს 1949 წლის ჟენევის კონვენციის ფარგლებში განვიხილავთ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების სამართლებრივ რეჟიმებს არეგულირებს, ლოგიკური იქნება თუ მას (აგვისტოს ომს) არ მივანიჭებთ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის სტატუსს. ჩვენ არ უნდა დავივიწოთ, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი 2008 წლის მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 1990-იან წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაზე რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა", - აღნიშნა მან.

ბასტრიკინის განცხადებით, აშშ-მა ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისთვის საქართველოს სამხედრო იარაღით მომარაგება და ქართველი სამხედროების მომზადება დააფინანსა.