პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას მთავრობა დაესწრება. სასესიო დარბაზში ქვეყნის პირველი პირის ანგარიშს ცალკეულ მინისტრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მოისმენს.
"პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება. პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე", - განაცხადეს რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას მთავრობის წევრები დაესწრებიან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი ქვეყნის პირველი პირის ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში არც ერთხელ არ მისულა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს.
პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 14:00 საათზე მოისმენს.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს "როგორც წესი", საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება. ამ შემთხვევაში , სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ დღეისთვის, 3 თებერვალს ჩაინიშნა.
პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა შესაძლოა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაერთოთ ან პრეზიდენტის მოსმენა ე.წ. პოლიტიკური დებატების ფორმტაში გაგრძელდეს.
ამ შემთხვევაში, პარლამენტის ბიუროს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო პირველი ფორმატით ისარგებლებს და ე.წ. პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს ანგარიშს დღეს მესამედ ჩააბარებს.