პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დღეს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, 14:00 საათზე მოისმენს.
ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით კი, ეს "როგორც წესი", საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ხდება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს – 2 თებერვალს იხსნება. ამ შემთხვევაში , სესიის პირველი პლენარული სხდომა სწორედ დღეისთვის, 3 თებერვალს ჩაინიშნა.
პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა შესაძლოა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაერთოთ ან პრეზიდენტის მოსმენა ე.წ. პოლიტიკური დებატების ფორმტაში გაგრძელდეს.
ამ შემთხვევაში, პარლამენტის ბიუროს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო პირველი ფორმატით ისარგებლებს და ე.წ. პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტს ანგარიშს დღეს მესამედ ჩააბარებს.