"მაგთიკომის" პრეზიდენტი: ხალხმა უნდა იცოდეს, ვის ხელშია ინტერნეტი

კომპანია „მაგთიკომის" პრეზიდენტის დევიდ ლის განცხადებით 2016 წელი რთული იქნება გაცვლითი კურსისა და გარე საფრთხეების გამო.  დევიდ ლი გაზეთ „ფაინენშალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რუბლის კოლაფსი სახეზეა, ჩანს  პრობლემები აზერბაიჯანში, საქართველო კი  ცდილობს რომ გამოსავალი მოძებნოს შექმნილ სიტუაციაში. 

ბიზნესმენის განცხადებითვე,  საქართველომ ბევრი რეფორმა განახორციელა და ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში,  რომელსაც ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან აქვს ურთიერთობა. ლი ბოლო წლების მიღწევებს შორის ჩინეთთან აქტიურ მუშაობას, აბრეშუმის გზის განვითარებას, ევროკავშირთან ურთიერთობას, ვიზა ლიბერალიზაციას ასახელებს. „მაგთიკომის" პრეზიდენტი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყანას ორიენტაცია ევროპისკენ აქვს და განვითარების სწორ გზაზეა. თუმცა ხალხი რთულ მდგომარეობაშია გაცვლითი კურსისა და სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო.  რაც შეეხება ინვესტიციებს, დევიდ ლის განცხადებით ინვესტორებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა. 

მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველას საქმეა. ყველას შეუძლია გაყიდოს საქართველო: „უცხოური ინვესტიციები არ არის მხოლოდ ანალიტიკური გადაწყვეტილება, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები უყურებენ ფინანსურ მაჩვენებლებს, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელი უყურებს ქვეყანას და იღებს გადაწყვეტილებას" . 

დევიდ ლი აცხადებს, რომ 2016 წელი არჩევნების წელია, თუმცა ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ელოდება. მისი თქმით, ტურიზმის კუთხით წარმატებული წელი იქნება, რადგან ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით, ვიხილავთ დიდ პროექტებს, რომლებიც დასრულების ეტაპზეა.

კომპანია „მაგთიკომის"  პრეზიდენტი „კავკასუს ონლაინსა" და „ბილაინის" გარიგებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაგთიკომი  დაინტერესებული იყო  დამატებით ინტერნეტ აქტივის შეძენით  კავკასუს ონლაინში, ამ ეტაპზე  კი ეს პროცესი შეჩერებულია.  ლი დასძენს, რომ  საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ  ვის ხელშია ინფორმაციის წყარო. მისივე განმარტებით, ინტერნეტი დღეს ნაციონალური უსაფრთხოების ფუნდამენტური ნაწილია. „ინტერნეტი არა მხოლოდ შესაძლებლობაა ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესისთვის, არამედ იარაღია. ამიტომ ნათელი უნდა იყოს ვინ ფლობს ინტერნეტს ქვეყანაში" .  2015 წლის ბოლოს გაცხადდა, რომ რუსული „ბილაინი" „კავკასუს  ონლაინის"  აქტივების ნაწილის შეძენას გეგმავს.