საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ტელეკომპანია "იბერიაში" სტუმრობისას სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო დღევანდელი იუსტიციის საბჭოს პირობებში ვერ შედგება, რადგან ეს საბჭო ორგანულ წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს იდეასთან და ზოგადად სამართლიან მართლმსაჯულებასთან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოსამართლეებს კონსტიტუციის წაკითხვისკენ მოუწოდა, რომ გაიგონ თუ რა შემთხვევაში ხდება მოსამართლეებზე ზეწოლა.
"იუსტიციის საბჭო არ არის სასამართლო ორგანო, ის მართლმსაჯულებას არ ახორციელებს, შესაბამისად, ვერანაირად ვერ გაიგივდება მათი მისამართით გაკეთებული განცხადება სასამართლოზე ზეწოლად.
პრეზიდენტი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, იგი არის საყოველთაო სახალხო კენჭისყრით ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური, იგი არის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ფუნქციონირების გარანტი, მას არა თუ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც არის ნებისმიერ საზოგადოებისთვის მტკივნეულ, მგრძნობიარე და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, შეფასებები გააკეთოს და პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, სასამართლო სისტემაში არიან ღირსეული მოსამართლეები, მაგრამ ისინი ლევან მურუსიძის წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ გასატარებელი. რა თქმა უნდა არიან ღირსეული მოსამართლეებიც, მაგრამ ეს მოსამართლეები სწორედ მურუსიძის წნეხის ქვეშ არიან დღესაც და ისინი უნდა გათავისუფლდნენ ამ წნეხისაგან",-მიიჩნევს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.