პენტაგონი ევროპისთვის სამხედრო დახმარების ხარჯებს ოთხჯერ გაზრდის. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსნები ძირითად საფრთხედ ასახელებენ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსა" და რუსეთს, რომლის ქცევასაც ისინი ახასიათებენ, როგორც "სულ უფრო მეტად აგრესიულს".
მათი თქმით, "ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინციატივაში" ცვლილებები ძირითადად, აუცილებელია მოკავშირეების დასამშვიდებლად, რომლებიც შეშფოთებულები არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე სეპარატისტების მხარდაჭერით, რასაც რუსეთის ხელისუფლება უარყოფს.
ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შემოთავაზებული ინიციატივა 3,4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება და საშუალებას იძლევა გაიზარდოს სამხედროების როტაცია, წვრთნების რაოდენობა და ევროპაში განათავსოს სამხედრო ტექნიკა.
"ჩვენ პოტენციურ მტრებს უნდა ვუჩვენოთ, რომ თუ ომს დაიწყებენ, ჩვენ გვაქვს მისი მოგების საშუალება", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა სამხედრო ბიუჯეტის განხილვისას.
მისი თქმით, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ხარჯები ორჯერ გაიზრდება - 7,5 მილიარდ დოლარამდე. კარტერის განცხადებით, რუსეთი სულ უფრო მზარდ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისთვის.
"ჩვენ სერიოზული და აწონილი მიდგომები გვაქვს იმისთვის, რომ წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას. ამაზე 25 წლის განმავლობაში არ ვწუხდით და მინდა, რომ ეს სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ახლა ჩვენ შეშფოთებულები ვართ" - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.