მნიშვნელოვანია, რომ

მნიშვნელოვანია, რომ "ლაქტალისი" ინვესტიციას ახორციელებს

მსოფლიოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია "ლაქტალისი" საქართველოში შემოვიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კომპანია, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ბრენდი აქვს, "სანტესთან" პარტნიორობით, ქართული პროდუქციის ბრენდირებას და როგორც რეგიონულ, ისე მსოფლიო ბაზარზე მის გატანას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია, რომელსაც მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა იგი გამოყენებული იყოს ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გასატანად.

"ეს არის კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 75 000-ზე მეტი თანამშრომელი და მსოფლიო მნიშვნელობის თითქმის ორი ათეული ქვებრენდი აქვს. მისასალმებელია, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ქვეყანაში შემოდის. მნიშვნელოვანია, რომ "ლაქტალისი" ინვესტიციას ახორციელებს ახლა, როდესაც ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც მას ევროპის ბაზარზე შესვლის საშუალებას მისცემს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინვესტორს, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გაყიდვის მიმართულებით, კონკრეტული გეგმები აქვს.

"ძალიან კარგია, რომ კომპანიამ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის წერტილად საქართველო აირჩია და საქართველოს მეშვეობით სურს, დაფაროს რეგიონული ბაზარი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე აცნობა, რომელზეც ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის პროექტები და პრიორიტეტები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმიონისტრაციის ცნობით, მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრო მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის დანერგვას, რომელიც მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრას გულისხმობს. რეფორმა ადგილობრივი საინვესტიციო რესურსის მობილიზებას, რეინვესტირების წახალისებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრირების კუთხითაც, მათ შორის, იგეგმება შემოსავლების სამსახურის შემოწმებების რეგლამენტირება.

ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად იმუშავებს ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გასამარტივებლად.