კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა , მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში განაცხადა. ბურჭულაძე ამბობს, რომ ის ჯერ პოლიტიკაში არ მოსულა.
"პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ. არ ვიცი, ეს თუ საჭირო იქნება – ამას დრო გვანახებს. ჩამოყალიბდა "საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის ჩამოყალიბებაც, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მთელი ცხოვრება ხალხისგან სიყვარულისა და ტაშის მეტი არაფერი მომისმენია. ალბათ დადგა დრო, რომ გადავუხადო მადლობა ჩემს ხალხს და გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ძნელი გადასადგმელია და რომელიც ტაშს და სიყვარულს გვერდით მადებინებს, რადგან რაღაც სხვა ვალდებულება მაქვს. არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. დღეს, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვუყურებ, როცა ვუყურებ ასეთ უიმედობას საქართველოში... მგონია, რომ კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგძრელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, აღარ მაქვს იმ ცხრა წელზე ლაპარაკი, ვეღარასდროს დადვდგებით ფეხზე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან დიდი შეხება მაქვს ხალხთან, ძალიან ბევრჯერ მომივლია საქართველო", - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის შეფასებით, ყველა ახალ მთავრობას ხალხი იმედით ხვდება, დრო კი ისე გადის, რომ მათ საკეთილდღეოდ არაფერი იცვლება.
მისივე თქმით, ფონდს გვერდით უდგას პროფესიონალი, საქმის მცოდნე ხალხი ეკონომიკის, სამართლის დარგში და სხვა სფეროებში. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "საქართველოს განვითარების ფონდი" სამ თვეში წარადგენს ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას, რომლის განხორციელებასაც მთავრობისგან მოითხოვს.
"ჩვენ ეს მთავრობას უნდა შევთავაზოთ – შევთავაზოთ კი არა, მოვითხოვოთ მთავრობისგან, რომ ეს უნდა გაკეთდეს. თუ შევატყეთ, რომ ეს არ კეთდება და როგორც დღეს ვატყობ, დიდი შანსია, რომ არ გაკეთდება, იმიტომ, რომ იმიტომ... ამის მერე ალბათ სულ სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ და სხვა ინტერვიუს მოგცემთ", - აღნიშნა ბურჭულაძემ.