სადღეისოდ მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობა აუცილებელია, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი იუსტიციის სამინისტროს იმ ინიციატივას, რომელიც ძველი მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას გულისხმობს.
როგორც ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა გარდამავალი პერიოდით ძალაში უნდა დარჩეს.
"სამწლიანი გამოსცდელი ვადის მოხსნასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას თავისი ლოგიკური დასაბუთება აქვს, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე გარკვეული ვადაა საჭირო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაცია ძალაში შევიდეს. ე.წ. გამოსაცდელი ვადა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა არსებობდეს გარდამავალი პერიოდით და შემდგომ, როცა საქართველოს სასამართლო იქნება მზად, მყარად დადგეს ფეხზე საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით, აღნიშნული რეგულაცია დღის წესრიგიდან გამოიხსნას", - აღნიშნა დეპუტატმა.
მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ე.წ. გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10-წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, თუმცა, უწყების განმარტებით, 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მათი მოსამართლედ უვადოდ გადანიშვნა ავტომატურად არ მოხდება და მათ კონკურსის გავლა მოუწევთ.