"თავისუფალი დემოკრატები" იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელზეც პატიმართა შეწყალების საკითხზე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საუბრობს, უახლოეს მომავალში პარლამენტის წინაშე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დასვამენ.
ამ თემაზე ელისაშვილმა და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა პარლამენტში, დახურულ ფორმატში ისაუბრეს.
"შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება კიდევ უნდა გავცვალოთ. გვაქვს პრინციპული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია უახლოეს მომავალში დასვამს კომისიის შექმნის საკითხს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ", - განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს, სწორედ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაასახელოს წყარო, რომელმაც მას პატიმართა შეწყალების საქმეში დეპუტატების კორუფციულ ინტერესზე მიაწოდა ინფორმაცია.
"პროკურატურას წყაროს მხოლოდ იმიტომ არ ვუსახელებ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. პროკურატურა მხოლოდ ჩაფარცხვაზე მუშაობს. კომისია შეიქმნება თუ არა აუცილებლად დავასახელებ იმ თანმდებობის პირს, იმ გარემოებებს, ყველა დეტალს, რაზეც ეს ადამიანი მესაუბრა. იმედი მაქვს, "ქართულ ოცნებაში" დარჩნენ პასუხისმგებლობის მქონე, ადეკვატური დეპუტატები, რომლებიც კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ", - აღნიშნა ელისაშვილმა.