"მაესტროს" დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც გადაბაძემ ტელეკომპანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ აპირებს "მაესტროში" მუშაობას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში, ვინაიდან არხის დამოკიდებლობას საფრთხე ემუქრება.
"მაესტროს" მეწილეები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ, დღეს უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ეს გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის მფლობელი გახდა "იმედის" არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება "მაესტროთი" დაინტერესების მიზეზი იყოს, ეს არის "პოლიტიკური მიმზიდველობა - ეფექტიანი მენეჯმენტი და სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც მას გამოარჩევდა ქართულ ბაზარზე".
"3 წელია თითქმის, რაც "მაესტროს" დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ.
დღეს კი, ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთებისათვის ღირებულებებს ჰქონია კონკრეტული ფასი. წილის გამყიდველების, ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის დაახლოებით -460 ათასი ლარი. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. სამი წელია "მაესტროს" დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი მაესტრო. ეს ასეც არის", - განაცხადა გადაბაძემ.
"მაესტროს" დირექტორის განმარტებით, განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც ტოვებს თანამდებობას.
"არ ვაპირებ "მაესტროში" მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში. ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას, მანამდე ვასრულებ ჩემს მოვალეობას", - აღნიშნა მან.