პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, ე.წ. პოლიტიკური დებატები კი არ გაიმართება.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო, რასაც წინ მმართველი გუნდის და ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლებს შორის დებატები უძღვოდა.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკარტების" წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გამოსვლების ის ფორმატი მოითხოვეს, როცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს.
ამასთან, ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით გამოსვლის შესაძლებლობა პარლამენტის იმ წევრებსაც უნდა მიეცეთ, რომლებიც ფრაქციების თავმჯდომარეები არ არიან.
მათი მოთხოვნა და მოსაზრება ბიუროს წევრმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციათა თავმჯდომარეთა გამოსვლა სრულიად საკმარისი იქნება.
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.