პრეზიდენტის საძრახის კამპანიაში დადანაშაულების შემდეგ არა მგონია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი რელევანტური იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" მიმდინარეობს.
როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი კარგია, მაგრამ ეს არ უნდა დარჩეს სურვილად.
"მაშინ, როცა გუშინ მოსამართლეთა კონფერენციამ მიიღო განცხადება და დღეს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეუერთდა, სადაც ითქვა, რომ თურმე საქართველოს პრეზიდენტი არის საძრახის კამპანიაში ჩართული, რათა აწარმოოს კამპანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, არა მგონია, ამის მერე საბჭოს მხრიდან კიდევ რელევანტური იყოს კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს სასამართლო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, თუმცა ეს არ არის უპირობო მხარდაჭერა.
"ეს მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში და იმ პირობით, რომ თავად სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ანგარიშვალდებული. დღეს რატომღაც საბჭო საუბრობს გარე ფაქტორებზე, თუ რა ფაქტორები ახდენს სასამართლო დამოუკიდებლობაზე გავლენას, მაგრამ ავიწყდება ფუნდამენტური საკითხი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი არის ინდივიდუალური მოსამართლე და საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება არის სწორედ იქითკენ მიმართული, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ საუკეთესო კანდიდატები შეარჩიოს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა პრობლემურია, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე არასამთავრობო სექტორი და ადვოკატთა ასოციაცია არ საუბრობენ, არამედ ამაზე მიუთითებენ სახალხო დამცველი და ადამინის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკომისარიც.
"თუ წარმოჩინდება ისე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ებრძვის პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, ადვოკატთა ასოციაციაც, მთელი სამოქალაქო სექტორი, სახალხო დამცველი, ევროსაბჭო და მხოლოდ ისინი არიან სწორი პოზიციის მქონენი, ეს არ იქნება თვითკრიტიკული დამოკიდებულება, ეს არ იქნება პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტაცია, ეს იქნება ორიენტაცია იქითკენ, რომ ვაკრიტიკოთ და დავინახოთ არა პრობლემა, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობენ", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.