არ მგონია გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ის უნდა ემსახურებოდეს სამართალს.
"ეს არის ის, რაც ჩვენ არ გვქონდა და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდებოდა, ამიტომ რეფორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ეს დამოუკიდებლობა მიიღოს და შეძლოს ემსახუროს მართლმსაჯულებას, პირველ რიგში სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ სამართლიანობის პროცესის გაგრძელებას ელოდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატმა კონფერენციაზე შეკრებილ მოსამართლეთა კორპუსსაც მიმართა და განმარტა, რომ მათ ყველაზე უკეთ იციან ის პრობლემები, რაც იყო სასამართლო სისტემაში, ის, თუ რა იყო ამის მიზეზი და რა სჭირდება დღეს სასამართლოს იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა ჰქონდეს.
"ჩვენ პირად ვალდებულებად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა სასამართლომ არ გაიაროს ის გზა, რაც წლების წინ გაიარა და შეძლოს სწორედ რომ მიიღოს ის დამოუკიდებლობა, რომელიც სჭირდება სასამართლო ხელისუფლებას იმისთვის, რომ მართლმსაჯულება სამართლიანობას ემსახურებოდეს", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასამართლოს ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა და დამოუკიდებლობა, რაც, დეპუტატის შეფასებით, სჭირდება ყველა ხელისუფლებას და ქვეყანას, თუ ის გონივრულად და წინდახედულად მოქმედებს.
"არ მგონია გონიერი ხელისუფლების ინტერესში იყოს, რომ სასამართლო მას ემსახურებოდეს, რადგან დადგება დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ამ სტატუსებისა და თანამდებობების მიღმა ვიქნებით და დავინახავთ, რომ ყველას სჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მათ შორის მოსამართლეებსაც, პოლიტიკოსებსაც, რიგით მოქალაქეებსაც. ეს აუცილებლობა დღესაც უნდა იყოს ყველასთვის გაცნობიერებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.