იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ასევე სხვა თემებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს, თუმცა მას ამ ინფორმაციის ვადაზე ადრე გამჟღავნება არასწორად მიაჩნია. ასე გამოეხმაურა ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომელიც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების წინასწარ გამჟღავნებაზე საუბრობს.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კარგა ხანია მუშაობს და მოკვლევას პირადად აწარმოებს.
მურუსიძის თქმით, საბჭო მოკვლევას აწარმოებს არა მარტო ტესტების წინასწარი გამჟღავნების თემაზე, ასევე სხვა თემებზეც, რომლებიც გარკვეულ კორუფციულ საკითხებს უკავშირდება.
"მინდოდა, როცა დასრულდებოდა მოკვლევა შემდეგ მოფენოდა ყველაფერს ნათელი, ეტყობა ამით ვიღაც ცდილობს, რომ თავდაცვის რეჟიმში ჩადგეს. გარკვეული საკითხები, რომელზეც საბჭო მუშაობს და რომელიც შეიძლება გარკვეულ პირებს შეეხოთ, ამიტომ ვიღაც თავდაცვით ჯავშანს იკეთებს, რომ რეალურად ვითომ ვიღაც არის გარკვეულ საკითხებზე მებრძოლი", - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, მოკვლევა მიმდინარეობს არა მარტო მამუკა ახვლედიანის მიერ დასახელებულ თემაზე, არამედ იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლო კორპუსში და რა არის რეალობა, თუმცა მურუსიძემ დეტალებზე საუბარი დღეს არ ისურვა და აღნიშნა, რომ ყველაფერს მოკვლევის დასრულების შემდეგ მოეფინება ნათელი.
"ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები საბოლოო ჯამში არის ის, რომ ადამიანები ცდილობენ, რომ ჯავშნით აღიჭურვონ", - განაცხადა მურუსიძემ.
მან ტესტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჟღავნებას არასწორი უწოდა.
მან მოუწოდა ყველა მხარეს, რომ თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, ამას აქვს თავისი ფორმა და წესი.